ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
როზეტა ასათიანი ∘
ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების (მეინსტრიმის) შეცვლის აუცილებლობა საქართველოში რეზიუმე ეკონომიკურ პოლიტიკას უდიდესი როლი აკისრია ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, აქედან გამომდინარე კი, კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლებასა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფასეულობათა დამკვიდრებაში. სახელმწიფო კი იმის გარანტია თუ არსებული ეკონომიკური პოლიტიკა რამდენად ადეკვატურია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და თავისებურებების, რამდენად წარმატებულად იმართება იგი. რეალურად არსებობს კი ასეთი პოლიტიკა, თუ სინამდვილეში არის თვალის დახუჭვისა და მისგან გაქცევის პოლიტიკა? საქართველოში ეკონომიკურ პოლიტიკას სპონტანური ხასიათი აქვს და მას კლასიკური ფორმით არც ერთი ეკონომიკური თეორია არ გამოუყენებია საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ეკონომიკურ პოლიტიკაში. ქვეყანაში იგნორირებულია მსოფლიოში აპრობირებული მოწინავე გამოცდილება. როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენით საქართველომ ვერ შეძლო ჯანსაღ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა და დღესაც "ულტრალიბერალური კაპიტალიზმის" მარწუხებშია მოქცეული. ქვეყანაში დაბალია ცხოვრების დონე და ხარისხი, მაღალია ჯინის კოეფიციენტი, მიზერულია საშუალო ფენა, გაუსაძლისია სოციალური ფონი, მწვავეა სოციალური სტრატიფიკაცია, მიუღწეველია სამართლიანობა და სოციალური თანხმობა. ხელისუფლების მიერ გაუაზრებელმა ეკონომიურმა პოლიტიკამ ეკონომიკის მოშლა გამოიწვია. კვაზიდემოკრატია აფერხებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. საქართველოს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, პირველ ყოვლისა, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. ამიტომ აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების (მეინსტრიმის) შეცვლა და აქცენტის გაკეთება სოციალური ორიენტაციის გაძლიერებაზე. ეს უკანასკნელი ბაზრის გამოცოცხლების ერთადერთი გზაა. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა, მეინსტრიმი, სოციალური ორიენტაცია. შესავალი
ეკონომიკურ პოლიტიკას უდიდესი როლი აკისრია ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, აქედან გამომდინარე კი კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლებასა და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფასეულობათა დამკვიდრებაში. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში კლასიკური ფორმით არცერთი ეკონომიკური თეორია არ გამოუყენებია. არდა აპრობირებული ეკონომიკური თეორიის გარეშე ეკონომიკურ პოლიტიკას სპონტანური ხასიათი აქვს. თანამედროვე მსოფლიოში, გლობალიზაციის ეპოქაში ზოგადად საკითხი შემდეგნაირად დგას ჴ გინდა გახდე სტაბილური და განვითარებული ქვეყანა? ჴ მაშ გაატარე ეკონომიკური რეფორმები იმ პირობებითა და პროგრამით, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ. მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, უცხოელი ეკონომისტების მიერ შემუშავებული "რეცეპტები" ყოველთვის არ არის ეფექტიანი. არ გაამართლა იმ შეხედულების გაუთვალისწინებელმა გამოყენებამ, რომ ერთ ქვეყანაში წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა ასევე წარმატებული იქნებოდა სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ ეკონომიკის რეფორმების ერთი და იგივე მოდელი ბევრი ქვეყნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუ ზოგადად შევაფასებთ ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდს, შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პროპაგანდის დონეზე დარჩა. ჩვენ ისე ვაშენებთ საბაზრო ეკონომიკას, როგორც სოციალიზმი ავაშენეთ (თანაც განვითარებული). არ არსებობს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, სადაც საბაზრო ეკონომიკა (და არა საბაზრო ურთიერთობების ელემენტები) ანუ სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური სისტემა ჩამოყალიბდა კეინზიანური ეკონომიკური თეორიის ძირითადი პოსტულატების გაუთვალისწინებლად. კეინზის თეორია ხომ ეკონომიკის კრიზისულ ანალიზს ეძღვნება და ხსნის უმუშევრობის, აქედან გამომდინარე კი, სიღარიბის მიზეზებს, ამასთან, იძლევა ამ სოციალურად აუტანელი მდგომარეობიდან ქვეყნის თავის დაღწევის გზებს. დასავლეთში არ არსებობს განვითარებული ქვეყანა, რომელსაც თავისი აღმავლობა, ეფექტიანი ეკონომიკური ზრდა "კეინზიანური რევოლუციით" არ დაეწყოს. კეინზის მულტიპლიკაციური ეფექტი, რომლის ათვლის წერტილად მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნილების გაზრდა და, აქედან გამომდინარე, ბაზრისა და, შესაბამისად, საქმიანი აქტიურობის გაფართოება უკავშირდება, მკაცრი ველური კაპიტალისტური ურთიერთობების ნგრევისა და ახალი საბაზრო ურთიერთობების ფორმირების საფუძველი გახდა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს. ეს მოწინავე გამოცდილება გათვალისწინებულ იქნა დღეს განვითარებულ, მაგრამ გასული საუკუნის 30-იან წლებში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. ამ "მსოფლიო სასწაულის" გაუთვალისწინებლობას საქართველოში მოჰყვა ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის გარიყვა საკუთრებისა და საქმიანი აქტიურობისაგან, უმუშევრობისა და სიღარიბის მკვეთრი ზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა ჯერ ეროვნული ბანკიდან გადასროლილი თანხებით, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის მეტწილად უცხოელებზე მიყიდვით. თავის მხრივ, ყოველივე ამას მოჰყვა კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავება, ციხეების პატიმრებით, მათ შორის, არასრულწლოვანი დამნაშავეებით ავსება, დემოგრაფიული სიტუაციის გამწვავება და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვა. მოკლედ, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ჯერ იყო და რეფორმირების საწყის ეტაპზე გარედან თავს მოგვახვიეს ე.წ. "შოკური თერაპია", რომელიც არ იყო წარმატებული ექსპერიმენტი ჴ ეკონომიკის შოკირებას თერაპია არ მოჰყოლია და ვაშინგტონის კონსესუსის მიერ შემუშავებული საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ეს მოდელი თვით პოსტვაშიგნტონის კონსესუსმა უარყოფითად შეაფასა[1]. ამის შემდეგ იყო და 1996 წლიდან საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძვლად მონეტარული "ძვირი ფულის" პოლიტიკა დაედო, რომელიც კეინზიანური თეორიისა და, შესაბამისად, კეინზიანური პოლიტიკის ანტიპოდია. ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ამ პოლიტიკამ გამოიწვია მწვავე ფულადი "შიმშილი" და კიდევ უფრო ჩაკლა წარმოება[ასათიანი რ. 2000]. ვერ დავასახელებთ ქვეყანას, რომელსაც "ძვირი ფულის" პოლიტიკით დაეღწია თავი ეკონომიკური კრიზისისაგან. საქართველოში ეკონომიკის შოკირების დამანგრეველი ეფექტების შემდეგ, რეფორმირების II ეტაპზე (1996-2003) "ძვირი ფულის" პოლიტიკის მულტიპლიკაციური ეფექტი ეკონომიკის არასტაბილურობისა და სტრუქტურული დეფორმაციის უმთავრესი მიზეზი გახდა [ასათიანი რ. 2005]. მისი უმთავრესი მიზანი ფულის მიწოდების მკვეთრი შეზღუდვით ინფლაციის მოთოკვა და ლარის კურსის სტაბილიზაცია იყო. ლარის ხელოვნურმა გამყარებამ და მისი დეფიციტის შექმნამ გამოიწვია დოლარიზაციის სწრაფი ზრდა (დოლარიზაციის დონემ 36%-ს გადააჭარბა) და ნეგატიური ტენდენციები წარმოიქმნა როგორც ფულად-სარედიტო, ისე ფისკალურ სფეროში, რაც უარყოფითად აისახა საგადასახადო-საანგარიშსწორებო ურთიერთობების მთელ სისტემაზე. "ძვირი ფულის" პოლიტიკამ მხოლოდ "ხანძრის ჩაქრობის" ეფექტი გამოიწვია და კიდევ უფრო დაამუხრუჭა ეროვნული ეკონომიკის განვითარება. ჩამოყალიბდა საბიუჯეტო-საგადასახადო კრიზისი, რამაც დასცა ერთობლივი მოთხოვნა და გაამწვავა სოციალური პრობლემები. ეროვნულმა ეკონომიკამ დაკარგა სოციალური ორიენტაცია, რის გარეშეც ფორმირების პროცესში მყოფი ახალი ეკონომიკური სისტემა პოლიტიკურად ნაკლებსიცოცხლისუნარიანი გახდა. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დაგლას ნორთის აზრს, "ძვირი ფულის" პოლიტიკა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაპარაკია ბაზრის ფუნქციონირებაზე და არა იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას და განვითარდეს ბაზარი [Horth D. 1995]. ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას ორთოდოქსულ მოდელზე მორგებული ეს პოლიტიკა თავისებური შოკი აღმოჩნდა საქართველოსათვის. მან ეკონომიკას არამც თუ შესძინა სოციალური ორიენტაცია, არამედ, პირიქით, გაამწვავა სოციალური პრობლემები, რითაც საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას. ამიტომაცაა დღეს საქართველოში შემოსავლების გადანაწილებაში უთანაბრობის ინდექსი _ ჯინის კოეფიციენტი მაღალია (0,40-0,41) და სოციალური სტრატიფიკაცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ასე მოუმზადებლად გატარებული პრივატიზაცია კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანას. თუ მოკლედ შევაფასებთ განვლილ წლებს, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სახელმწიფომ მოირგო პრივატიზაციის "რბილი ხელთათმანი", რომლის დაჩქარებულად წარმართვისას აქცენტი არ გაკეთებულა კორპორაციულ მართვაზე, კერძო სექტორს სახელმწიფოს აქტივები გადაეცა ყოველგვარი მარეგულირებელი პროცესების გარეშე. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება. პრივატიზაცია იქცა ნაკლებად გამჭვირვალე პროცესად და შემოვლითი გზით კორუფციის წყაროდ. როგორ შეიძლება ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების (კავშირგაბმულობის, სარკინიგზო მიმოსვლის, წყალ-, ელექტრო-, გაზმომარაგებისა და ა.შ.) ასე ხელაღებით პრივატიზება? ისიც უცხოელებზე! ამით ხომ თანდათან ვკარგავთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ურომლისოდაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა ფიქციაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრივატიზაციის სტრატეგიული მნიშვნელობა ხომ კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაგრამ როგორ შეიქმნება ამ გზით კონკურენტული გარემო, როდესაც კერძო მეწარმეები, რომლებიც იკავებენ მყარ პოზიციებს ბაზარზე, კონკურენციულ ბრძოლაში ადვილად ამარცხებენ ახალ მეტოქეებს? მათი მდგომარეობა ბაზარზე, წარმოებული პროდუქციის მოხმარების მასობრივი და წარმოების ფართო მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის მონოპოლიური იქნება. მაშ რისთვის არსებობს ბუნებრივი, ანუ სახელმწიფო მონოპოლიები, რომლებიც მსოფლიოში საკმაოდ აპრობირებულია? სწორი მენეჯმენტის პირობებში სახელმწიფო შეძლებდა იმ თანხის ამოღებას რამდენიმე წელიწადში, რასაც პრივატიზაციის გზით მიიღებდა. არსებობს მეორე გზაც ჴ სახელმწიფო ჰოლდინგების შექმნა. იგი გულისხმობს შერეულ მეწარმეობას, სახელმწიფო და კერძო ბიზნესის შერწყმას. როგორც მსოფლიო პრაქტიკიდან ჩანს, ნაწილობრივი პრივატიზაციის გზით შექმნილ სტრუქტურაში სახელმწიფო ინარჩუნებს ქონების განკარგვის, ანუ სრული საკუთრების უფლებას (აქციების საკონტროლო პაკეტს), მაგრამ ხდება წარმოების მმართველობისა და განაწილების ფუნქციების პრივატიზება. ამ მოდელის გამოყენებით ქვეყანა საკუთარ ქონებასაც შეინარჩუნებდა და მოგებასაც მიიღებდა. გლობალიზაცია როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს და, გარკვეულწილად, განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკას. დღეს გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. მესამე ათასწლეულის დასაწყისში გლობალიზაცია მკვეთრად დიფერენცირებულია, ხასიათდება შინაგანი წინააღმდეგობებით, რომლებიც უპირატესად სუსტად განვითარებულ ქვეყნებში გამოვლინდება. ამიტომ გართულებულია განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის მართვის დამოუკიდებელი სტრატეგიის განხორციელება. განსაკუთრებით ნაკლებად ავტონომიურია ტრანზიტული, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. მათ სულ უფრო ნაკლები ექსკლუზიური კონტროლი აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე, რის გამოც შეზღუდულია და სახეცვლილია ამ ქვეყნებში ეკონომიკური სუვერენიტეტი. მათი ეკონომიკური პოლიტიკა სულ უფრო "გრილდება", ხოლო ეროვნული თავისებურებებისა და ტრადიციების შენარჩუნების შესაძლებლობები მცირდება. დღეს წამყვან, განვითარებულ ქვეყნებს დომინანტური პოზიცია უკავიათ ახალი მსოფლიო წესრიგის განსაზღვრის საქმეში, მაშინ, როდესაც მცირე, განსაკუთრებით ტრანზიტულ ქვეყნებს გლობალური სისტემის მუნიციპალიტეტებად აღიქვამენ [Ohmae K. 1993]. აღნიშნულმა ტენდენციამ უკვე კანონზომიერი ხასიათი მიიღო, რაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ცნობილია, რომ აშშ-ს მსოფლიოში თანაბარი სიძლიერის კონკურენტები არა ჰყავს. ამიტომ მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განვითარებადი და ტრანზიტული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა და, აქედან გამომდინარე, მათი ეკონომიკური განვითარება. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ XX საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა ამერიკული დოქტრინა – "ნეოგლობალიზმი". იგი ცნობილია "რეიგანის დოქტრინის" სახელწოდებით და ითვალისწინებს აშშ-ის გავლენას "მესამე სამყაროს" ქვეყნებზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გლობალიზაციისაგან გვერდზე გადგომა დღეს შეუძლებელიცაა და იგი ქვეყნის იზოლაციაში ყოფნას ნიშნავს, ვინაიდან ამ ეპოქალურ პროცესს, ნეგატიურთან ერთად, აქვს უაღრესად პოზიტიური ეფექტები. იგი არა მხოლოდ აახლოებს ქვეყნებს ერთმანეთთან, არამედ ანგრევს ჩაკეტილ, ტოტალიტარულ რეჟიმებსა და ეკონომიკებს, აფართოებს ქვეყნების პარტნიორულ ურთიერთობებს, სწრაფი ტემპით ახდენს ბიზნეს-საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, აყალიბებს ისეთ ბიზნეს-გარემოს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს სწრაფად დანერგონ სიახლეები, ბიზნესს სულ უფრო მეტად ათავისუფლებს პოლიტიკური შეზღუდვებისაგან, რითაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს ბაზრებს და ა.შ. XXI საუკუნე მსოფლიოს სთავაზობს ეკონომიკური განვითარების ახალ მოდელს. ეს მოდელი ეფუძნება ინოვაციურ ეკონომიკას, რომელშიც წამყვან როლს ინტელექტუალური კაპიტალი, ინტერნეტული ქსელი და, საერთოდ, ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები ასრულებენ. ამიტომ დღეს აქცენტი კეთდება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობაზე. რესურსდამზოგველ და ნაკლებნარჩენიან ტექნოლოგიებზე, ხარისხზე, ნოუ-ჰაუზე, ახალი სახეობის პროდუქციის შექმნაზე [ჩიქავა ლ. 2006; ასათიანი რ. 2008], ახალ სტანდარტებზე და ა.შ. დღეს საერთაშორისო საბაზრო ქსელი არის დიდი სათამაშო ველი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისათვის თავისებურ კომპასს წარმოადგენს: რა გზას დაადგეს, რომელი დარგების განვითარებას მიანიჭოს უპირატესობა, რა უნდა იყოს მისი ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია და ა.შ. ამრიგად, გლობალიზაცია თავისი არსით უნივერსალურია. იგი მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებთან. ამიტომ მისი მასშტაბებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რამდენად მართული იქნება ეს მრავალწახნაგოვანი და წინააღმდეგობებით სავსე ფენომენი. წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალიზაციას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია კაცობრიობისათვის. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებასა და გლობალური პროცესების წარმართვაში ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ თეორიას უკავია. ეკონომიკური მიმდინარეობები და შესაბამისი მოდელები, შეიძლება ითქვას, განსაზღვრავენ მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში "თამაშის წესებს". თანამედროვე ეპოქა იმდენად არის დატვირთული აშკარა თუ ფარული პრობლემებით, რომ თვით ეკონომიკური თეორია დადგა ახალი გამოწვევების წინაშე. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკურ პოლიტიკაში ცნობილი 160-წლიანი ბატონობის შემდეგ, ეკონომიკური თეორია "დუღილს" განიცდის და "პირველი ვიოლინოს" როლს ასრულებს დღეს განვითარებული, მაგრამ იმ პერიოდში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. თანამედროვე პირობებში კი მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია ახალი მსოფლიო წესრიგის განვითარებაში. ამიტომ დღეს, გლობალურ ეკონომიკაში არ შეიძლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან იზოლირებულად განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა. აუცილებელია ამ პროცესების გაანალიზების საფუძველზე გავაკეთოთ სათანადო დასკვნები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესისა და ეკონომიკური თეორიის წინაშე მდგომი ამოცანების დაკავშირება. ეკონომიკური თეორიის გენეზისმა, განსაკუთრებით კი "კეინზიანურმა რევოლუციამ", როგორც რეგულირებადი, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების საფუძველმა, მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციასთან ერთად (რაშიც, მნიშვნელოვანი როლი "სოციალურმა ინექციებმა" შეასრულა), დააჩქარა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი გლობალიზაციის წარმოშობა და მისი პოზიტიური მიმართულებით განვითარება. თუმცა, რიგმა ნეგატიურმა ეფექტებმაც, რომლებმაც განსაკუთრებით 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე იჩინა თავი, კითხვის ქვეშ დააყენა ეკონომიკური თეორიის "მეინსტრიმიცა" და თვით გლობალიზაციის ეპოქალური მოვლენაც. მილთონ ფრიდმენისა და საერთოდ, "ჩიკაგოს სკოლის" მონეტარულ თეორიაზე აგებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც თითქმის უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ეყრდნობოდა აშშ-ისა და სხვა მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა, სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების გარანტად იყო აღიარებული. იგი ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების შესუსტებასა და საბაზრო ძალების გაძლიერებას, სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირებას სოციალური პროგრამების შეკვეცის, ხელფასის მინიმალური განაკვეთების "გაყინვის", პროფკავშირების როლის შესუსტებისა და ა.შ. გზით. "ოქროს წლებად" მონათლულ ამ პერიოდში აღზევებული მონეტარიზმი ეკონომიკურ თეორიაში "აზრთა კონვერგენციის" უმაღლესი გამოხატულების ნიმუშს წარმოადგენდა და იგი ქვეყნის მაკროეკონომიკური რეგულირების წარმატებულ მოდელად აღიქმებოდა. მაშინ, როდესაც აშშ ეკონომიკური ქცევის "დიდ სტაბილურობას" ზეიმობდა, ხოლო მილთონ ფრიდმენსა და "ჩიკაგოს სკოლის" სხვა ცნობილ წარმომადგენლებს (მაგ. ფ. კეიგანს, ფ. ჰაიეკს, ე. მელტცერს, ლუკასს, შვარცსა და ა.შ.) მიაჩნდათ, რომ "დეპრესიის პრევენციის ცენტრალური პრობლემა გადაჭრილი იყო", კრიზისის დადგომის ნიშნები, განსაკუთრებით 2006 წლიდან, ნელ-ნელა იკვეთებოდა. ამ დროს, როგორც 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი აღნიშნავს, ეკონომიკური დარგის პროფესიონალები თვლემდნენ [კრუგმანი პ. 2009]. მიუხედავად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მცდელობისა, გამოესწორებინა კეთილდღეობის გზიდან ეკონომიკის მნიშვნელოვანი გადახრები, ამერიკული ეკონომიკა აცდა სწორ გზას და "ლიანდაგიდან გადავიდა". ევროკავშირის სამიტზე 2008 წლის ოქტომბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნ. სარკოზმა განაცხადა, რომ "ულტრალიბერალურმა კაპიტალიზმმა კრახი განიცადა და აუცილებელია იგი შეიცვალოს სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელით" [The Economist. October 11, 2008, p. 12]. ამის შესახებ სერიოზული მსჯელობა იყო 2010 წლის დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს მსოფლიოს ფულად-საკრედიტო სისტემაში შექმნილი რთული ვითარება.[2] საყურადღებოა აშშ-ის ეკონომიკურ პოლიტიკაში მონეტარული თეორიის როლის შესახებ პოლ კრუგმანის მოსაზრება. მისი აზრით, ჩიკაგოელი ეკონომისტების კომენტარები არის "ბნელი საუკუნის" მაკროეკონომიკის პროდუქტი, სადაც რთულად მოპოვებული ცოდნა დავიწყებულ იქნა, ხოლო უცნაური განტოლებებით გამოპრანჭული ირაციონალური და არაპროგნოზირებადი თეორიები ძალიან შორს აღმოჩნდნენ რეალობისაგან [კრუგმანი პ. 2009]. როგორც იტყვიან, პრაქტიკა ჭეშმარიტების კრიტერიუმია. ფრიდმენის მონეტარული თეორიის ნაკლოვანებებმა თავი იჩინა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და გარკვეულწილად, საბიუჯეტო საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევაში მდგომარეობს [Асатиани Р. 2014]. ამასთან, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, თვითდინებაზე მიშვებამ და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას. ფინანსურმა ეკონომიკამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, მოწყდა რეალურ ეკონომიკას, მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა, რომელიც შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. ფინანსური ეკონომიკა მხოლოდ საშუალებაა საბოლოო მიზნის მიღწევისათვის. საბოლოო მიზანი კი არა სპეკულაციური გარიგებები და ამ გზით ფულის კეთებაა, არამედ მატერიალური და არამატერიალური დოვლათისა და ფასეულობების წარმოებაა. სამწუხაროდ, ეს აქსიომატური ჭეშმარიტება არ იქნა გათვალისწინებული. ფულის კეთების ხელოვნებამ (ქრემატისტიკა _ არისტოტელე) დაფარა მეურნეობის მართვის ხელოვნება (ეკონომიკა). შემდეგ კი მივიღეთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამაში ფრიდმენის მონეტარული თეორიის უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა. ნეოორთოდოქსალურ თეორიაზე მორგებული მონეტარიზმის მოდელი (გარკვეული გადახრებით) საფუძვლად დაედო "დანარჩენი სამყაროს" უმეტესობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას, ამიტომ ეკონომიკური კრიზისი მეტ-ნაკლები ზომით აისახა ნებისმიერ ქვეყანაში, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 2008 წლის 0,44%-დან 2009 წელს მინუს 2,44%-მდე, ხოლო მთლიანი მსოფლიო პროდუქტი 3,02%-დან 0,60%-მდე დაეცა[3]. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, შეიძლება ითქვას, გამოიწვია მონეტარიზმის "ინტელექტუალური კოლაფსი" და თვით აშშ-შიც კი კითხვის ქვეშ დააყენა ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. ეკონომიკურ მეცნიერებაში ამ ბოლო დროს გაბატონებულმა შეხედულებამ იმის შესახებ, რომ კეინზიანური ერა დასრულდა, გადასინჯვა მოითხოვა, კეინზიანური თეორიის დედაარსმა (ანუ იმან, რომ ეკონომიკური განვითარების ათვლის წერტილი ერთობლივი მოთხოვნის გაზრდით იწყება, რასაც ბაზრის ტევადობის, წარმოების გაფართოებისა და უმუშევრობის შემცირება მოჰყვება, ყოველივე ეს კი, წარმოქმნის მულტიპლიკაციურ ეფექტს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში აისახება) ისევ მიიპყრო განვითარებული ქვეყნების ყურადღება. თანამედროვე გლობალურმა კრიზისმა აიძულა ცივილიზებული სამყარო კეინზიანური მოდელისკენ შემობრუნებულიყო. ამიტომ სავსებით ლოგიკურად, წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა ჴ ეკონომიკაში სახელმწიფოს, როგორც საბაზრო სისტემაში ჩაშენებული სტაბილიზატორის, როლის გააქტიურებამ, კერძოდ, სახელმწიფო სოციალური ხარჯების გაზრდამ და გადასახადების შემცირებამ, კერძო სექტორის სუფსიდირებამ, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოებამ, საშუალო ფენის შენარჩუნების მიზნით მათი შემოსავლების გაზრდამ, სამომხმარებლო კრედიტის გააქტიურებამ, ანტიმონოპოლიური რეგულირების გაძლიერებამ, საზოგადოებრივი სექტორის განმტკიცებამ და ა.შ. წამოიწია. დღის წესრიგში დადგა ეკონომიკური თეორიის ძირითადი მიმართულების (მეინსტრიმის) შეცვლის აუცილებლბა. ამ მიმართულებით ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების გარეშე გართულდებოდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა, რომელმაც სათავე ფრიდმენის სამშობლოში ჴ აშშ-ში აიღო და სწორედ "საბაზრო ფუნდამენტალიზმის" ამ ციტადელიდან დაიწყო აქტიური ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება. მაგალითად, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენისა და ფინანსურ ბაზრებზე ლიკვიდურობის პრობლემის გადასაჭრელად ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, შვეიცარიისა და კანადის ცენტრალურ ბანკებთან ერთად, გამოყო 640 მლდრ დოლარი ფინანსური ინსტიტუტების მხარდასაჭერად, ხოლო 800 მლრდ დოლარი სამომხმარებლო კრედიტის სახით [МЭиМО, №7, 2009, c.15]. "კეინზიანური რევოლუციიდან" მოყოლებული არ არსებობს დღეს განვითარებული ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესსა და კრიზისულ სიტუაციებში თავისი ეკონომიკური პოლიტიკისათვის საფუძვლად არ დაედო კეინზიანური მოდელი – რელიგიურ ეთიკაზე აგებული ეს ჰუმანური თეორია. მაგრამ ეს "ფუფუნება" თავის დროზე მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს ერგოთ წილად. რომელთა რაოდენობა მსოფლიოში არც თუ ისე დიდია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ჴ UNCTAD, მსოფლიო ბანკის) თუ ცალკეული მკვლევართა მიერ სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე შემოთავაზებული კლასიფიკაციების მიხედვით, ამ ქვეყნების რაოდენობა განსხვავებულია (მაგალითად, გაეროს კლასიფიკაცია, ძირითადი აგრეგირებული მაჩვენებლის მიხედვით, მოიცავს მსოფლიოს 194 ქვეყანას, მათ შორის განვითარებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 30 ქვეყანა, აქედან, საკმაოდ განვითარებული _ 24 ქვეყანა (more developed countries), რომელთა წილად მოდის მსოფლიოს წარმოებული საქონლისა და მომსახურების თითქმის 2/3, განვითარებადია 137 ქვეყანა (less developed countries), რომელთა წილად მოდის მსოფლიო მოსახლეობის 11% და მსოფლიო მშპ-ის მხოლოდ 0,6%; ეს მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე 1 ათას დოლარზე ნაკლებია და 250-დან 750 დოლარის ფარგლებშია, მაშინ როდესაც სხვა განვითარებად ქვეყნებში 2050 დოლარამდე აღწევს. ცალკე ჯგუფადაა გამოყოფილი აღმოსავლეთ ევროპისა და СНГ-ს 11 ქვეყანა) [Гурова И.П. 2008],[4] მაგრამ არსებობს 22 ქვეყანა, რომელიც ნებისმიერ კლასიფიკაციაში ხვდება, როგორც განვითარებული ქვეყანა. ეს ქვეყნებია: აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, კანადა, ესპანეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, ლუქსემბურგი, ავსტრია, შვეიცარია, ბელგია, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდი, პორტუგალია, ავსტრალია, ახალი ზელანდია. განვითარებული ქვეყნები გამოირჩევიან საერთო კეთილდღეობითა და სოციალური ორიენტაციით, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან "სოციალური ეკონომიკის" სიმწიფის ხარისხის მიხედვით. მაგ., აშშ-ს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ცხოვრების დონე და მნიშვნელოვანი სოციალური დანახარჯები (შეუძლია გამოყოს სოლიდური სახსრები სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად, ჯანდაცვის დასაფინანსებლად, განათლებისა და სხვა სოციალური მიზნებისათვის), აბსოლუტური მაჩვენებლებით ჩამორჩება დასავლეთევროპული ქვეყნები, მაგრამ ისინი "სოციალური ეკონომიკის" სიმწიფის გაცილებით მაღალი დონით ხასიათდებიან, ვიდრე აშშ. დასავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის ხარისხის შემცირებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით მიმართულია ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავების, სამართლიანობისა და სოციალური თანხმობის, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მაღალი ცხოვრების დონის მიღწევისა და საშუალო ფენის გაძლიერებისაკენ. რაც შეეხება განვითარებად და ტრანზიტულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, ამ კატეგორიის ქვეყნებში ეკონომიკურ პოლიტიკას, მეტ-ნაკლები ზომით, სპონტანური ხასიათი აქვს და კლასიკური ფორმით არც ერთი თეორია (მათ შორის, თანამედროვე მონეტარიზმიც), მითუმეტეს, კეინზიანური მოდელი არ ყოფილა გათვალისწინებული ეროვნული ეკონომიკის მართვაში. მათ, როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენით, ვერ გამოიყენეს ამ მხრივ მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილება, ამიტომ ვერ შეძლეს სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და დღესაც "ულტრალიბერალური კაპიტალიზმის" მარწუხებში არიან მოქცეულნი. ამ ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მძიმე პრობლემების წინაშეა. "გლობალური იმპერიის ქოლგის ქვეშ მოქცეული "მესამე სამყაროს" ქვეყნებში, როგორც ცნობილია, სუსტია სამართლებრივი ინსტიტუტები, დაბალია ცხოვრების დონე, მიზერულია საშუალო ფენა, მიუღწევადია სამართლიანობა და სოციალური თანხმობა. ამ ქვეყნების საგარეო ვალმა უკვე 2,5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ამ ვალის მომსახურების წლიურმა ღირებულებამ 375 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს იმაზე მეტია, რასაც ხარჯავენ ეს ქვეყნები ჯანდაცვასა და განათლებაზე და 20-ჯერ მეტი, რასაც თვითონ ყოველწლიურად იღებენ ეკონომიკური დახმარების სახით [Перкинс Д. 2012, c.29-30]. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ XX საუკუნის 60-იან წლებში, მსოფლიო განვითარებაში სრულიად ახალი ტენდენციები და კანონზომიერებები გამოიკვეთა. ამას მოჰყვა სოციალური დიფერენციაციის მოდელების შექმნა და ქვეყნების დაჯგუფება "სოციალური სიმწიფის" დონის მიხედვით [ასათიანი რ. 2010, გვ. 8-13]. ამრიგად, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, გლობალიზაციის წარმოშობიდან დღემდე, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს პოლიტიკურ ეკონომიკურ, სოციალურ და მეცნიერულ-ტექნოლოგიურ სფეროებში უდიდესი ცვლილებები მოხდა, რაც მეტ-ნაკლები ზომით აისახა ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. დიდი ილია ბრძანებდა: "ყველა დროს თავისი ტკივილი აქვს. ჭეშმარიტი მეისტორიე, ვითარცა გამკითხველი, ჯერ იმ დროების ქერქში უნდა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნი. ეს რომ არ იყოს, კაცი ვერც საბუთს უპოვის ცხოვრებას და ვერც აზრს [ჭავჭავაძე ი. 1955, გვ. 66.]". თანამედროვე დროებასაც თავისი "ტკივილი" აქვს, განსხვავებული წინა ეპოქებისაგან. პოზიტიურთან ერთად, დიდია გლობალიზაციის ნეგატიური ტენდენციების გავლენა. სწორედ ამ დროების "ქერქში ჩაჯდომით უნდა ვეცადოთ "საბუთი ვუპოვოთ ცხოვრებას", შეძლებისდაგვარად, წინ აღვუდგეთ სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თავისებურებებისა და ტრადიციების დამანგრეველ გარე, ეგზოგენურ ფაქტორებს, რომელთან ნიველირების გარეშე გართულდება შიგა, ენდოგენური წინაამღდეგობების, მაკროეკონომიკური დისპროპორციების დაძლევა და ქვეყნის პროგრესი. საქართველო, შეიძლება ითქვას, ეკონომიკური ექსპერიმენტების კლასიკური ქვეყანაა. 70-წლიანი "სოციალისტური" ექსპერიმენტი შეცვალა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ექსპერიმენტმა, რომელიც თითქმის 25 წელია გრძელდება და დასასრული არ უჩანს. ქვეყანაში შექმნილია "მანკიერი წრე", რომლისგანაც თავის დაღწევა რთულდება. დავადექით კი იმ გზას, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს? ამ გზით შევძლებთ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნას? არადა, დღეს, გლობალურ სამყაროში ასეთი სისტემის გარეშე წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. საქართველოს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, პირველ ყოფილისა, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. გარდა იმისა, რომ ეკონომიკის განვითარების დონისა და ეროვნული ინტერესების არაადეკვატური იყო უცხოური რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას [პაპავა ვ. 2000; Папава В. 2002, №3; ასათიანი რ. 2009; ასათიანი რ. 2004, #1; ასათიანი რ. 2014]. ქვეყანაში დაწყებულმა როგორც ინსტიტუციურმა გარდაქმნებმა (სახელმწიფო საკუთრების დენაციონალიზაცია და საკუთრების მრავალფორმიანობის ჩამოყალიბება, ახალი საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნა, წარმოების ფაქტორთა, საქონლის და მომსახურების ბაზრების, საბაზრო ინფრასტრუქტურის ფორმირება და ა.შ.), ისე ეკონომიკის კონვერსიის სხვა პროცესებმა (ფასების ლიბერალიზაცია, ეკონომიკის დემონოპოლიზაცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება, საგარეო ვაჭრობისა და, საერთოდ, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია და ა.შ.) აშკარა დეფორმაციული ხასიათი მიიღო: ეკონომიკის რეფორმირების I ეტაპზე (1991-1995) ფასების მოუმზადებელი ლიბერალიზაცია ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა, ახლად ფორმირებულმა საბაზრო ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებმა სპეკულაციური ორიენტაცია შეიძინა. ამას მოჰყვა საქმიანი აქტიურობის დაცემა და ეროვნული წარმოების პარალიზება. მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ეს ორთოდოქსული მოდელი, ისე როგორც "შოკური თერაპია" და რეფორმირების III ეტაპზე (2004-2012) "ანტიკეინზიანურ რევოლუციად" მონათლული მონეტარიზმის პოსტულატებზე მორგებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა (რომლისთვისაც უცხოა ჭეშმარიტი ლიბერალური ფასეულობები) გარედან თავსმოხვეული იყო და საქართველოს წარუმატებლობის ათვლის წერტილი და მთავარი მიზეზი სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ [ასათიანი რ. 2009]. განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც კი ეს მოდელი (თანაც, უფრო დახვეწილი ფორმით) არ გამოდგა და საქართველოში "იმუშავებდა"? მოკლედ, საქართველო მცდარ მონეტარულ პოსტულატებზე დაყრდნობით, კვლავ ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა [Asatiani R. 2009.]. ქვეყანა არ დაადგა იმ გზას, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანდა. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ერი დიდი სიხარულით შეხვდა დამოუკიდებლობის მოპოვებასა და მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემიდან თავის დაღწევას. მაგრამ რა მივიღეთ? სახელმწიფო-მონოპოლისტური სოციალიზმი შეცვალა სახელმწიფო-მონოპოლისტურმა კაპიტალიზმმა, სამართლიანობის პრინციპებზე აგებული დემოკრატიული ეკონომიკური სისტემის ნაცვლად მივიღეთ კვაზიდემოკრატიაზე, მოჩვენებით სამართლიანობაზე დაფუძნებული ულტრალიბერალური კაპიტალიზმი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დასავლურ საბაზრო ეკონომიკასთან. მართალია, საქართველოში საკუთრების მრავალფორმიანობა ჩამოყალიბდა, მაგრამ შორსა ვართ საკუთრების პლურალიზმისაგან, ვინაიდან არ არსებობს საკუთრების თითოეული ფორმის თანაბარი უფლება. საქართველოში რიგი ენდოგენური ფაქტორების გავლენით, მათ შორის არასწორად განხორციელებული ე.წ. მცირე პრივატიზაციის გამო, ვერ ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში 197399 ინდივიდუალური საწარმოა რეგისტრირებული, შპს _ 70734, ხოლო აქციონერული საზოგადოება _ 1881. მცირე ბიზნესის წილად მოდის სამეწარმეო სექტორის მთლიანი გამოშვების მხოლოდ 6,6% (საშუალო ევროპული მაჩვენებელი 40%-ია), საშუალო ბიზნესის წილად _ 9,2% (ევროკავშირში 18%-ია), სამაგიეროდ, მსხვილი ბიზნესის წილი მთელი გამოშვების 84,2%-ია და 2-ჯერ აღემატება ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებელს [Eurostat Newsrelease, #47, 2008]. თავიდან ვერ მოვიცილეთ "ხელგაწვდილობის სინდრომი", რის გამოც ნელ-ნელა ვკარგავთ დამოუკიდებლობას. სსფ-ის შეფასებით, საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია სასამართლო სისტემა და ღრმა კორუფციისაგან ქვეყანამ თავი ვერ დააღწია. კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო, 2008 წლის მონაცემებით, 180 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე აღმოჩნდა [მესხია ი. 2009, #2, გვ. 19.]. 1989 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 5460 ათასი კაციდან 4385,4 ათას კაცამდე, ე.ი. 21%-ით შემცირდა.[5] მსფ-ის და მსოფლიო ბანკის ექსპერტული შეფასებით, 2009 წელს რეალურმა მშპ-მა (მშპ-ის დეფლატორის ჴ ფასების ჯაჭვური ინდექსის მეთოდით) 1990 წლის დონის მხოლოდ 71,1% შეადგინა, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე (მიმდინარე ფასებით) 3230 დოლარი, რაც საშუალო მსოფლიო დონის 1/3-საც კი ვერ აღწევს.[6] ამ მნიშვნელოვანი ინდიკატორის თითქმის 3-ჯერ ჩამორჩენა ერთხელ კიდევ მიუთითებს საქართველოს მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში საშუალო ფენის დაბალ დონეზე (იგი მხოლოდ 9%-ია). ხელოვნურადაა შემცირებული საარსებო მინიმუმი, რომელიც მხოლოდ ნომინალურად ამცირებს სიღარიბის დონეს. ოთხსულიან ოჯახზე იგი თვეში 226,5 ლარს შეადგენს. მინიმალური ხელფასი სამომხმარებლო კალათის ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ ნაკლებია და 40 ლარია, ხოლო საშუალო ხელფასი ჴ 572,4 ლარი.[7] ექსპერტთა შეფასებით, მოსახლეობის 5% ღარიბია, აქედან ღატაკები (პაუპერები) 15%-ს შეადგენენ. საარსებო მინიმუმის ზღვარს მიღმა 21%-ია, სოციალურად ღარიბები (ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის შემოსავალი ფარავს საარსებო მინიმუმს, მაგრამ არ არის საკმარისი ნორმალური კვლავწარმოებისათვის) 50%-ია, მდიდრები _ 5%, მათ შორის შეძლებულნი ჴ 3,5% [არჩვაძე ი. 2007].[8] ასეთი მწვავე სოციალური სტრატიფიკაციის გამო, საქართველო გამოირჩევა დანაზოგების ძალზე დაბალი დონით და ამ მაჩვენებლის მიხედვით საჰარის სამხრეთით მდებარე განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში განიხილება [კორდონიე კ. 2008]. ამიტომ, ვინაიდან დეპოზიტების ბაზა საკმარისი არ იყო, ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ბანკები საგარეო ბაზრებიდან სესხების მოზიდვას ახერხებდნენ. ამ კამპანიამ იმდენად მიიღო მასობრივი ხასიათი, რომ უცხოური ინვესტიციები გახდა არა ქვეყნის შიდა დანაზოგების დეფიციტის შევსების წყარო, არამედ, შეიძლება ითქვას, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად იქცა. სსფ-ის მისიის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად, საგრძნობლად იკლო საკრედიტო ბაზარზე ბანკების საინვესტიციო აქტიურობამ. 2008 წლის ბოლოსათვის პრაქტიკულად არ მუშაობდა გრძელვადიანი დაზოგვის მექანიზმი, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტის არარსებობამ. აქედან გამომდინარე, საქართველოს საბანკო სისტემას ბზარი 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე გაუჩნდა, თუმცა გლობალურმა კრიზისმა ეს ბზარი კიდევ უფრო გააღრმავა [ასათიანი რ. 2009]. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის ცნობილ დონორთა კონფერენციაზე (2008 წლის 22 ოქტომბერი), საქართველოს საბანკო სექტორის მხარდასაჭერად, სესხებისა და გრანტების სახით, 850 მლნ დოლარი გამოიყო, 2009 წლის იანვარში კომერციული ბანკების აქტივები, წინა წელთან შედარებით, 319 მლნ ლარით შემცირდა. ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა ქვეყნის რეალურ სექტორზე და განაპირობა საქართველოს საექსპორტო პოტენციალის საბანკო დაფინანსების გარეშე დატოვება აღნიშნულმა და სხვა უარყოფითმა შიგა პროცესებმა მწვავე პრობლემად აქცია საგარეო ვაჭრობის პერმანენტული დეფიციტი. ოფიციალური მონაცემებით, სამომხმარებლო ბაზრის 70% იმპორტულ საქონელზე მოდის და ექსპორტით იმპორტის დაფარვამ მხოლოდ 23,7% შეადგინა. ამასთან, დასავლეთის საკრედიტო "ინიექციებმა" სწრაფად გაზარდა საქართველოს საგარეო დავალიანება და უდიდესი დილემის წინაშე დააყენა ქვეყანა საგარეო ვალის მომსახურების მხრივ. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13,5 მლრდ დოლარი შეადგინა, აქედან, სამთავრობო სექტორის ვალი 31,7%-ია, ეროვნული ბანკის – 11,0, საბანკო სექტორის _ 18,4, სხვა სექტორების _ 38,9%. საქართველო, ეკონომიკის ინტელექტუალიზაციის დონის (ტექნიკურ მიღწევათა ინდექსის) მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების ჯგუფშია მოქცეული. ურთულესი პრობლემების წინაშეა ქვეყნის აგრარული სექტორი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. გარდა იმისა, რომ 1990 წელთან შედარებით, საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი 30-დან 8%-მდე დაეცა და წარმოიქმნა სასოფლო-სამეურნეო ლაგი (გარღვევა წარმოების ფაქტობრივ და პოტენციურ მოცულობებს შორის), სოფლის მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია ქალაქად, ტყეების ჩეხვა და უცხოელებზე გასხვისება, ასევე სხვა ნეგატიური პროცესებიც უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქართულ სოფელს და შოკისმომგვრელ ეფექტებს წარმოქმნის. აღნიშნულ და მრავალ სხვა მნიშვნელოვან პირობასთან ერთად ყურადღებას იპყრობს საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზანშეწონილობის პრობლემა. ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა აკად. ვლადიმერ პაპარამ სავსებით სამართლიანად საქართველოში გატარებული ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და "ინვესტიციური შიმშილის" პირობებში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ეკონომიკური განვითარების მახე უწოდა [პაპავა ვ. 2013]. მთავრობისადმი მიცემული რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოში ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ შექმნილიყო არ იქნა გაზიარებული. ასეთი ზონები შეიქმნა ფოთსა და ქუთაისში. და მაინც, საით მიდის საქართველო? ეს კითხვა რომ დამესვა, მას მონოგრაფია მივუძღვენი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს [ასათიანი რ. 2014]. ერთი კი ცხადია: მიუხედავად ლაგის ფაქტორის მოქმედებისა, მდგომარეობის გამოსწორება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შეცვლითაა შესაძლებელი. დასკვნა თუ ზოგადად შევაფასებთ საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდს, შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება: ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პროპაგანდის დონეზე დარჩა. ჩვენ ისე ვაშენებთ საბაზრო ეკონომიკას, როგორც სოციალიზმი ავაშენეთ (თანაც განვითარებული). ქვეყანაში იგნორირებულია მსოფლიოში აპრობირებული მოწინავე გამოცდილება. საქართველომ ვერ შეძლო ჯანსაღ საბაზრო ურთიერთობებზე გასდასვლა და დღესაც "ულტრალიბერალური კაპიტალიზმის" ბრჭყალებშია მოქცეული. გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეკონომიკის მოშლა გამოიწვია. კვაზიდემოკრატია აფერხებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას. მიუღწევადია სამართლიანობა და სოციალური თანხმობა. მიუხედავად ლაგის ფაქტორის მოქმედებისა მდგომარეობის გამოსწორება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შეცვლითაა შესაძლებელი. ლიტერატურა
[1] ეს საკითხი არაერთხელ იქნა გაშუქებული (მათ შორის, ჩვენს მიერაც) ეკონომიკურ ლიტერატურაში, იგი ერთმნიშვნელოვნად არის შეფასებული საქართველოში როგროც რადიკალური სისტემური რეფორმების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შეიძლება ითქვას, ათვლის წერტილიც კი. Папава в. К вопросу о первом поколении посткоммунистических реформ в экономике грузии (ретроспективный анализ). «кавказ и глобализация». Том 5, вып. 3-4, 2011; Papava V. The Georgian Economy: Problems of Reform. “Euroasian Studies, vol. 2, 1995, №2; პაპავა ვ. პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა. თბილისი, "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 2005, გვ. 32; აბესაძე რ. ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ძირითადი შედეგები და მომავლის ამოცანები საქართველოში. "საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში. II ტომი. თბილისი, "მეცნიერება", 2002; ასათიანი რ. საქართველოში საბაზრო სისტემის ფორმირებისა და ეკონომიკის კონვერსიის კარდინალური საკითხები. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემები საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების პროცესში". მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 1994; ასათიანი რ. ეკონომიკური რეფორმები საქართველოში: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. "მაკრო-, მიკროეკონომიკა". 2000, # 1. [2] http://ictsd.org/i/news/bridgesrussiandigest/69878. [3] http://ictsd.org/i/news/bridgesidntdigest/69878 [4] World Population Data Sheet Population Rederence Bureu – 2009. Washington, 2009; [5] www.statistics.ge (სექცია "მოსახლეობა~). [6] http://www.geosat.ge/?astion=page&p-id=118&lang=geo; Human Development Report – 2009. New York, 2009, p. 194-198. [7] http://bls.gov/data/:wwwstatistics.ge (სექცია "შინამეურნეობები"). |